პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ქართული ოცნება არჩევნებს "დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით" იგებს.
მან მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა. ეს 1 160 413 ადამიანია.